ახალი  თერაპიული  პერსპექტივები თმისცვენის მართვაში

ბოლო დროინდელმა კვლევებმა მნიშვნელოვნად გააფართოვა ჩვენი ცოდნა თმის ზრდის ბიოლოგიური მექანიზმების შესახებ და დააზუსტა ის მოლეკულური სისტემები, რომლებიც არეგულირებენ თმის ციკლს, ფოლიკულის აქტივობასა და თმის ცვენის პროცესს. თმის ფოლიკულები წარმოადგენენ მაღალმეტაბოლურ სტრუქტურებს, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში გადიან ზრდის (ანაგენი), რეგრესიის (კატაგენი) და დასვენების (ტელოგენი) ფაზებს. აღნიშნული ციკლი დამოკიდებულია ფოლიკულის შიგნით არსებული უჯრედული კომპონენტების შორის მუდმივ ურთიერთქმედებაზე და რთულად ორგანიზებულ მოლეკულურ სიგნალებზე. ამ სასიგნალო გზის დარღვევა იწვევს თმის ზრდის შენელებას ან შეწყვეტას, რაც საბოლოოდ ალოპეციის სხვადასხვა ფორმის განვითარებას განაპირობებს.

მოქმედების  ინოვაციური მექანიზმი  —  FASN  ინჰიბიცია

ამ მარეგულირებელ სისტემებს შორის განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ვიტამინ  D-ის რეცეპტორი  (VDR) — ბირთვული რეცეპტორი, რომელიც ექსპრესირდება კანისა და თმის ფოლიკულის მრავალ უჯრედულ კომპარტმენტში და მონაწილეობს გენების ექსპრესიის რეგულაციაში. მიუხედავად იმისა, რომ ვიტამინ D ტრადიციულად ასოცირდება ძვლის მეტაბოლიზმთან, თანამედროვე კვლევები ადასტურებს, რომ VDR ასრულებს გაცილებით ფართო ბიოლოგიურ ფუნქციებს კანისა და თმის ფოლიკულის ჰომეოსტაზში.

VDR-ის მნიშვნელობა თმის ზრდაში პირველად გამოვლინდა ცხოველურ და ადამიანურ მოდელებში. იმ მღრღნელებში, რომელთაც VDR ფუნქციურად არ გააჩნდათ, თავდაპირველად თმის ნორმალური ზრდა აღინიშნებოდა, თუმცა პირველი თმის ციკლის დასრულების შემდეგ განვითარებული იყო სრული ალოპეცია და ფოლიკულის რეგენერაციის შეუძლებლობა. ანალოგიური კლინიკური სურათი აღინიშნება იშვიათი გენეტიკური პათოლოგიების მქონე ადამიანებში, რომლებიც ასოცირდება VDR ფუნქციის დარღვევასთან. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული თმის ცვენა ვითარდება ნორმალური ვიტამინ D-ს დონის ფონზეც, რაც ადასტურებს, რომ გადამწყვეტი ფაქტორი არის თავად რეცეპტორის ფუნქციური აქტივობა და არა მხოლოდ ვიტამინის კონცენტრაცია.

თანამედროვე კვლევებმა დააზუსტა VDR-ის ლოკალიზაცია თმის ფოლიკულის შიგნით. რეცეპტორი განსაკუთრებით აქტიურია ფოლიკულის გარე ეპითელიურ შრეებში, თმის ღერის წარმომქმნელ უჯრედებში და ფოლიკულის სტემუჯრედულ ნიშაში. სწორედ ეს სტემუჯრედები უზრუნველყოფენ ახალი ანაგენური ციკლის ინიციაციას. აღინიშნება, რომ VDR-ის აქტივობა იცვლება თმის ციკლის სხვადასხვა ფაზაში — იზრდება ანაგენში და რემოდელირდება კატაგენში, რაც ადასტურებს მის რეგულატორულ როლს თმის ზრდისა და ცვენის დროში.


დამატებით დადასტურებულია, რომ VDR მოქმედებს სხვა მნიშვნელოვან სასიგნალო გზებთან სინერგიულად — მათ შორის იმუნურ, პროლიფერაციულ და რეგენერაციულ მექანიზმებთან. ამ ურთიერთქმედებების მეშვეობით რეცეპტორი განსაზღვრავს, როდის ინარჩუნებს ფოლიკული აქტიურ მდგომარეობას და როდის გადადის ტელოგენურ ფაზაში, რაც კრიტიკულია თმის ხანგრძლივი შენარჩუნებისთვის.

კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა VDR-ის ექსპრესიის დაქვეითება ბუდობრივ ალოპეციასა და ანდროგენულ ალოპეციაში, მაშინ როდესაც ტელოგენური ცვენის დროს ხშირად აღინიშნება ვიტამინ D-ის დეფიციტი, რომლის კორექცია ხელს უწყობს თმის აღდგენას. ეს მიუთითებს, რომ სხვადასხვა ალოპეციურ მდგომარეობაში VDR-ს განსხვავებული პათოფიზიოლოგიური როლი აქვს.

აღნიშნულმა მონაცემებმა გავლენა მოახდინა თანამედროვე თერაპიულ კვლევებზე. ვიტამინ D-ის პერორალური სუპლემენტაცია ფართოდ გამოიყენება დეფიციტის არსებობისას, ხოლო ტოპიკური ვიტამინ D-ის ანალოგები აჩვენებენ ეფექტურობას ალოპეცია არეატას დროს. პარალელურად მიმდინარეობს კვლევები, რომლებიც მიზნად ისახავს უშუალოდ VDR-ის აქტივაციის გაძლიერებას თმის ფოლიკულის დონეზე.

დასკვნა

ვიტამინ D-ის რეცეპტორი წარმოადგენს თმის ფოლიკულის ბიოლოგიის ცენტრალურ მარეგულირებელ რგოლს. მისი ფუნქციის უკეთ გააზრება ხსნის პერსონალიზებული, მოლეკულური მიზნობრივი თერაპიის ახალ შესაძლებლობებს თმის ცვენის მართვაში და წარმოადგენს მნიშვნელოვან პერსპექტივას მომავალი დერმატოლოგიური პრაქტიკისთვის.

მასალა მოამზადა: ქეთი გიგინეიშვილმა